„ვიგრძენი, რომ თავზე ცრემლები მეცემოდა.. უწმინდესი ტიროდა, მე კი,ხელახლა ვიბადებოდი!..“

0

პოეტი გურამ გორდეზიანი წლების წინ, პატრიარქთან შეხვედრის დღეს სოციალურ ქსელში იხსენებს:
„გაზეთ “რაეოს” რედაქციიდან გამოვედი მარჯანიშვილის ქუჩა გადავკვეთე და ზუსტად გალაკტიონის სახლის წინ ტაქსს დავუწყე ლოდინი. უცებ ნივამ დაამუხრუჭა და ბრძანებისა და თხოვნის ნაზავი კილოთი ვიღაცამ მითხრა დაჯექი მანქანაშიო,2003 წელია. კარი გამოვაღე და მანქანაში ჩემი ბიძა,ცნობილი ეთნოგრაფი, ბატონი ლევან ფრუიძე,ბატონი ოთარ კერვალიშვილი და ვიღაც უცხო კაცი ისხდნენ,რომელიც მერე,როცა გავიცანი რესპუბლიკის პროკურატურის მაღალი რანგის პროკურორი აღმოჩნდა.

loading...

-სად მიდიხარ ბიძია?-მკითხა ბიძაჩემმა.

მაშინაც პოლიტიკური გაწამაწიის წელი იყო და მე, ცოტნე ბაკურიასთან შესახვედრად მივდიოდი.თან ბონდო გაგნიძის იდეა და ქართველ მეფეთა სურათები მიმქონდა,ასლან აბაშიძეს რომ დაეფინანსებინა რვეულების გამოცემა, რომელზეც ქართველ მეფეთა სურათები იქნებოდა გამოსახული,მოკლე ბიოგრაფიული განმარტებით. ჩემზე დაკისრებული მისიის შესახებ ამაყად მივაწოდე ინფორმაცია მანქანაში მსხდომებს.

-დაჯექი ბიძია მანქანაში და ჩემთან ერთად წამოდი! -შავნაბადის მონასტერში მივდივართ ტრაპეზზე,მამა შიომ მიგვიწვია.-მითხრა ბიძაჩემმა და სკამის გადმოწევის საშუალება მომცა,უკან მოვკალათდი.

როცა მონასტერს მივუახლოვდით მანქანების შესამჩნევად გრძელი რიგი იდგა, ცოტა რომ გაგიკვირდებოდა ისეთი… დრო იყო იმისთანა, ნაკლებად თუ ვინმე გაბედავდა ისეთი მანქანებით გამოსვლას.

-პატრიაქიც აქაა,თქვა ბიძაჩემმა და დაუჯერებლობისა თუ მოულოდნელობისაგან კინაღამ გული გამიჩერდა.

-ესაა მისი მანქანა,მიუშვირა ხელი რომელიღაც მარკის უცხოურ მანქანას,რომელიც საკმაოდ მოძველებული ჩანდა.

ბერები გამოგვეგებნენ. ბიძაჩემს განსაკუთრებული მოწიწებით მიესალმნენ და დარბაზში მიგვიწვიეს,სადაც მონასტრის წინამძღვარი,მამა შიო შემოგვეგება.

-პატრიაქი აქაა?! იკითხა ბიძაჩემმა.

-კი, აქაა და ცოტას დაისვენებს,მანამდე დარბაზში მობრძანდით ბატონო ლევან. შევედით დარბაზში. ხალხმრავლობაა. კახური კილო სჭარბობს და იურიდიული ტერმინოლოგიის სიუხვე იგრძნობა,რაც ჩემს ყურს არ გამოჰპარვია!.. მართალი გამოვდექი. კახეთის რეგიონის პროკურორები იყვნენ და რაღაც მიწის საპატრიარქოზე გადაცემის საკითხს განიხილავდნენ!.. რომელსაც თურმე ვიღაც უცხოელები ითხოვდნენ და შევარდნაძეს საპატრიარქოზე უნდოდა გადაცემა,რათა მიწა ხელშეუხებელი ყოფილიყო.(ღმერთო შენს სახელს დიდება! რას არ ათქმევინებ კაცს. არაფრით არ მეგონა შევარდნაძეს დადებით კონტექსტში თუ მოვიხსენიებდი,რადგან, სრულიად უდანაშაულო კინაღამ დამხვრიტა,თუმცა რაც მართალია უნდა ვთქვა, სამართლიანობა მოითხოვს.) დავჯექით და მის უწმინდესობას დავუწყეთ ლოდინი. დარბაზში ჩემს გარდა ორმოცი კაცი მაინც იქნება,ყვალა ნერვიულად ცქმუტავს,პატრიარქი კი არ გამოდის.

მამა შიო, კარგ ლექსებს წერდა და მისი პოეზიის შესახებ ბევრი ვიცოდი, რადგან “რაეოს” რედაქცია ბეჭდავდა მის წიგნებს!.. ამიტომ ხერხი ვიხმარე,მრგვალ მაგიდას შემოვუარე და საკარცხულში ჩაბრძანებულ მამა შიოს, ყურში, პატრიაქის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩემი ლექსი ჩურჩულით წავუკითხე, რამაც ყველასათვის მოულოდნელი რეაქცია გამოიწვია. მამა შიო ფეხზე წამოხტა,რომელიღაც ოთახში შევარდა,იქიდან კალმითა და თეთრი ფურცლით აღჭურვილი დაბრუნდა, დაჯექი და დაწერეო მითხრა. მეც ავდექი და დავწერე. წინამძღვარმა ფურცელს ხელი დასტაცა და დარბაზიდან გავიდა. ყველა მე შემომაჩერდა გაკვირვებით!..

უცებ ,მამა შიო დარბაზში შემობრუნდა და ხმამაღლა დაიძახა. -ახლა ყველა პატრიაქთან შევალთ და ნუ იხმაურებთ, შენ კი უკან მიჰყევი ამათო,მიბიძგა ზურგში. თავადაც მომყვა.

დიდ ოთახში, მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიაქი იყო ტახტზე დაბრძანებული და ყველას ლოცავდა მუხლმოყრილს,თავზე ხელის დადებით. დალოცვის შემდეგ ყველა გარეთ გადიოდა. ნელ-ნელა მეც ვუახლოვდებოდი საპატრიაქო ტახტს,ცრემლი მდიოდა, უნებლიედ, ყოველგვარი ტკივილისა და ძალდატანების გარეშე ვტიროდი,ღვარად მდიოდა ცრემლი და თითქოს ვმსუბუქდებოდი… მუხლებზე დავემხე… პატრიაქი წამოდგა… მე ფეხები დავუკოცნე… წამომაყენა. ლექსი წაიკითხეო მთხოვა, წავიკითხე. ისევ მუხლებზე დავეცი.- მომიყევიო მითხრა. ავხედე, – ჰო,მიდი მთელი შენი ცხოვრება მომიყევიო. მოვუყევი. ვიგრძენი რომ თავზე ცრემლები მეცემოდა. პატრიაქი ტიროდა. მე კი,ხელახლა ვიბადებოდი!..“ – წერს გურამ გორდეზიანი.
წყარო:genews.ge

loading...

Share.