საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე, 48 წლის ელზა ქადაგიშვილი, იგივე ,,ობობა” დააკავა, რომელიც 4 ყაჩაღობასა და 9 ქურდობაშია ბრალდებული.
გამოძიების ინფორმაციით, სერიული მძარცველი მარტო მოქმედებდა და მისი სამიზნე ძირითადად მოხუცი პენსიონერები იყვნენ. დაკავებული ჯერ დამხმარის სტატუსით შედიოდა ნდობაში მსხვერპლთან, შემდეგ კი საჭმელში ფსიქოტროპული აბებს ურევდა, თიშავდა და ძარცვავდა.
ელზა ქადაგიშვილი, დუშეთის რაიონის სოფელ ბიჩნიკაურის მკვიდრია. ის საბერძნეთში სამუშაოდ საქართველოდან 16 წლის წინ წავიდა, ახლა კი მის სახლში მოხუცი ნათესავი ცხოვრობს, რომელთანაც დაკავებულს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ტელეფონით.
რაც თვალში საცემია, ქადაგიშვილის სახლთან ახალი მშენებლობაა დაწყებული, ეზოში კი ძვირადღირებული ჯიპები დგას. დუშეთში ადასტურებენ, რომ მეზობელი ოჯახი მოულოდნელად გამდიდრდა. ბოლოს ელზამ საბერძნეთიდან შვილს სამი ძვირიანი ავტომობილის შესაძენად საჭირო ფულიც გაუგზავნა.
იმ მასშტაბის თაღლითური სქემა, როგორიც ქართველ ემიგრანტს წლების განმავლობაში ჰქონდა აწყობილი, ბერძენ სამართალდამცველებს უბრალოდ არ ახსოვთ. სიკვდილს ათობით მოხუცი სასწაულით გადაურჩა: საბერძნეთის მოქალაქეები, სადაც ელზა ქადაგიშვილი მუშობას იწყებდა, ღრმად მოხუცებულები, ან მძიმე ავადმყოფები იყვნენ, ამიტომ მათთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი დოზა შესაძლოა, სასიკვდილიყო გამხდარიყო.
ამ დროისთვის ბერძენი სამართალდამცველები ადგენენ, სად მიჰქონდა ელზა ქადაგიშვილს მოპარული ნივთები, არ არის გამორიცხული, ,,ობობას” თანამზრახველიც ჰყავდა, ვინც ნაქურდალი ნივთების საქართველოში გამოგზავნაში, ან რეალიზაციაში ეხმარებოდა.
ქართველ სერიულ მძარცველს ახლა ბერძენი ადვოკატი იცავს.