„კანონიერმა ქურდმა“ საყვარლის ქმარი მოკლა – „გარდაცვლილს დანა ყელისა და გულმკერდის არეში ჰქონდა დარტყმული“

0

„ოჰ, ის დრო დააბრუნა“, „სტალინი წამოაყენა ფეხზე“, „ის იყო დრო, ყველა მუშაობდა, ყველა კარგად იყო, აბა ახლა ეს ყოფაა“? ალბათ, გახსოვთ ეს ფრაზები „ბაბუების“ ან „მამათა“ თაობიდან. „ისინი“ ძველ დროს, საბჭოთა კავშირის დროს, სადაც ყველა მუშაობდა და ძალიან ცოტას უჭირდა. ჟურნალისტი, ბათო ჯაფარიძე კი სწორედ ამ პერიოდის სხვა მხარის შესახებ გვიყვება და ერთი საქმის გამოძიების დეტალებს ასაჯაროებს. „შაბათი დღე იყო, როცა განყოფილებაში დარეკეს, ერთ-ერთ რესტორანში, ე.წ. „კანონიერი ქურდი“ მომღერალს ეკამათაო. ჯგუფი ადგილზე გავიდა, თუმცა ხუთ წუთში ისევ დარეკეს, ქურდმა მომღერალთა ხელმძღვანელი მოკლაო. ადგილზე ექსპერტები და საგამოძიებო ჯგუფი გავიდა. მისულებს, რესტორნის შესასვლელის გვერდით, მიწაზე დანით მოკლული კაცი დაგვხვდა და შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, „კანონიერი ქურდი“ არსად ჩანდა, თუმცა რესტორნის ეზოში მისი მანქანა იდგა“, – იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ბატონი თენგიზი.
თვითმხილველთა მონაყოლით,

loading...

კრიმინალი რესტორანს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეეჩვია და მომღერალ ქალს გასაქანს არ აძლევდა. არადა, ეს მომღერალი რესტორნის ანსამბლის ხელმძღვანელის ცოლი გახლდათ. იმ დღესაც, „ქურდი“ მაგიდას მიუჯდა, შემდეგ ამ ქალს დაუძახა. ფანჯრიდან გამოჩნდა, რომ აწ გარდაცვლილი ქურდის მანქანასთან მივიდა და დიდი კეტით მტვრევა დაუწყო. ქურდი გარეთ გინებით გავარდა, შემდეგ სხვებიც მიყვნენ და ეზოში, პრაქტიკულად, დაკლული იმპრესარიო დახვდათ. გარდაცვლილს დანა ყელისა და გულმკერდის არეში ჰქონდა დარტყმული. სხვათა შორის, ექსპერტი, რომელიც მკვლელობის ადგილს ათვალიერებდა, გაოცებული იყო. შემდეგ ეს გაოცება გამომძიებელსაც გადასდო და მართლაც, თუ გულში შემავალი ჭრილობიდან, წესისამებრ, ცოტა სისხლის გამოდის, ყელის ჭრილობა, პირიქით, სისხლის შადრევანს იწვევს. მიწაზე კი სისხლი, პრაქტიკულად, არ იყო, თანაც სამართალდამცავები ადგილზე გამოძახებიდან 7 წუთში მივიდნენ, ექსპერტი 15 წუთშ იქ იყო და გვამი უკვე გაშეშებული დახვდათ. მეორე დღეს გაკეთებულმა დასკვნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. „მამაკაცი ჩვენი მისვლის დროს უკვე, მინიმუმ, ორი საათის გარდაცვლილი იყო. ის არ მოკლეს იმ ადგილზე, სადაც ვიპოვეთ, რადგან სისხლის კვალი, პრაქტიკულად, არ არის.

ის იქ მიიტანეს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ფეხსაცმელი ქუსლებთან გახეხილია, ანუ ერთ ადამიანი მიათრევდა“, – დაახლოებით ასეთი იყო ექსპერტიზის დასკვნა და სამართალდამცავების მიერ ოპერატიულად დაკავებული „კანონიერი ქურდიც“ იმას ამბობდა, მე არაფერშუაში ვარ, რომ გავედი, ის უკვე მკვდარი ეგდო, მივხვდი, მე „შემტენიდნენ“ და გავიქეციო“, – იხსენებს ბატონი თენგიზი. თვითმხილველების მეორედ დაკითხვისას გაირკვა, რომ მათ გარდაცვლილის სახე არ დაუნახავთ, ის ჯოხს ისე ურტყამდა მანქანას, რომ რესტორნისკენ ზურგით იდგა, მაგრამ ყველა ამტკიცებდა, სპეციფიური ქუდი და ულვაში ასი პროცენტით ემთხვეოდა გარდაცვლილის აღწერილობასო, ანუ ვიღაცამ ძალიან კარგად იცოდა, რომ გარდაცვლილის სავიზიტო ბარათი კოვბოის სტილის ქუდი და საკმაოზე დიდი ულვაში გახლდათ. ორი საათით ადრე მისი გარდაცვალება კი თანამშრომლებმა გამორიცხეს, რადგან საღამოს წარმოდგენის დაწყებამდე, იმპრესარიო საკუთარ ოთახში, დაახლოებით, საათნახევარი საქსაფონზე რეპეტიციობდა და ასე იყო იმ დღესაც – მისი კაბინეტიდან საქსაფონის ხმა ისმოდა. გამოძიებამ დაკითხვაზე ამჯერად ცოლი დაიბარა. ქალმა არ უარყო, რომ თავიდან კრიმინალურ ავტორიტეტს ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა შემდეგ მოიხიბლა და მასთან ურთიერთობაც გააბა. ყველაფერმა ამან ქმარი გადარია და ქალი დაბეჯითებით იმეორებდა, მანქანას სწორედ ჩემი ქმარი ამტვრევდა, თქვენი ექსპერტი ცდება, დამნაშავე და მკვლელი „კანონიერი ქურდიაო“.

,,ამას ქალი ისე მტკიცედ ამბობდა, გამოძიებამ ექსპერტი დაკითხა და მან ასპროცენტიანი სიზუსტით თქვა, ჩვენი მისვლის დროს, კაცი ყველაზე ცოტა, 90 წუთის გარდაცვლილი იყოო. სამართალდამცავებმა ყურადღება იმას მიაქციეს, რომ რესტორნის პერსონალი იმ დროისთვის იშვიათ და კონტრაბანდულ სიგარეტ „ქემელს“ ეწეოდა. გაირკვა, რომ „ქემელით“ მას სწორედ გარდაცვლილი ამარაგებდა, მასვე მოჰქონდა ჯინსები, უცხოური პარფიუმერია და არამარტო თანამშრომლებზე, არამედ, რესტორნის კლიენტურაზეც ყიდდა. ყვლაფერ ამას კი ის ვიღაც ბოშასგან კვირაში ერთხელ იღებდა და ძალიან დიდ ფულსაც აკეთებდა. ბოშა დააკავეს, თუმცა მან თავი გაიგიჟა, რა მკვლელობა, ოქროს კვერცხისმდებელი დედალი მომიკლეს, 14 ათასი მანეთი უნდა მოეცა, ახლა ამ ფულს საიდან ამოვიღებო. გარდაცვლილის ცოლმა პირი დააღო, რა 14 ათასი, მადგენი ფული თვალით არ მინახავსო და… „ამ ფულის არსებობა მხოლოდ რესტორნის თანამშრომლებს შეიძლებოდა სცოდნოდათ, მაგრამ ისინი ეჭვმიტანილები არ იყვნენ. ამან საფუძველი მოგვცა, რომ თანხას ყველა ვარიანტში სახლში ინახავდა რომელიმე. ამიტომ, მათი ბინის ჩხრეკა ერთდროულად ჩატარდა და 14 ათასი მანეთი ანსამბლში, დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვინც იჯდა, მის სახლში აღმოვაჩინეთ. მკვლელობა უკვე გახსნილი იყო და ახლა მთავარი გახლდათ, დაკავებულს აღიარებითი ჩვენება მოეცა. ავუხსენით, აღიარებითი ჩვენება დახვრეტის მუხლს ააცილებდა, პირობაც ჩამოგვართვა, რომ არ დავხვრეტდით და აღიარა“, – იხსენებს ბატონი თენგიზი.

თურმე, გარდა იმისა, რომ 14 ათასი მანეთის ხელში ჩაგდება უნდოდა, მკვლელს გარდაცვლილის 3 ათასი ემართა. იმ დღესაც, როგორც კი რესტორანში შესული ქურდი დაინახა, მიხვდა, შანსი მიეცა. იმპრესარიო მისსავე ოთახში დანით მოკლა, შემდეგ იქაურობა მოწმინდა, გვამი ფანჯრიდან გადაიტანა, შემდეგ მისი ქუდი მოირგო და მანქანის მტვრევა დაიწყო. როცა დაინახა, რომ ქურდი გარეთ გამორბოდა, გაიქცა, რესტორანს მეორე მხრიდან მოუარა და ხალხს შეერია.

მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ოთახს ალაგებდა, მომსახურე პერსონალს მაგნიტოფონის ხმა ესმოდა, სადაც იმპრესარიოს თავისი ვარჯიშები ჰქონდა ჩაწერილი. სამართალდამცავებმა პირობა შეასრულეს და ბრალდებულს სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა

loading...

Share.