საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციები, ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ განუცხადეს ვლადიმერ პუტინს, რომ ომის ნებისმიერი გადაწყვეტა შეთანხმებული უნდა იყოს მოსკოვსა და კიევს შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.
ელისეის სასახლის ცნობით, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინისგან დაჟინებით მოითხოვეს ოდესის პორტზე ბლოკადის მოხსნა უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვით ექსპორტისთვის, რათა თავიდან იყოს არიდებული მსოფლიო სასურსათო კრიზისი.
გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს.
ამასთან, მათ რუსეთის პრეზიდენტისგან ტყვედ აყვანილი ქარხანა „აზოვსტალის“ დაახლოებით 2 500-მდე დამცველის გათავისუფლება მოითხოვეს.
დღეს, 28 მაისს, ვლადიმერ პუტინს, ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა უკრაინა იყო.