“მემუქრებოდა მოგკლავო და შენ შვილს თირკმელს ამოვაჭრითო..” – ნახეთ ემიგრანტი ქალის უმძიმესი ისტორია

0

ცოლის მკვლელობის და შვილების ორგანოებით ვაჭრობის მუქარას “პრაიმტაიმის” რესპონდენტი წლების განმვალობაში ქმრისგან იღებდა. იყო ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. როგორც ის ამბობს, სწორედ ეს ყველაფერი მისი ემიგრაციაში წასვლის საფუძველი გახდა და ახლა, თავის ისტორიას გერმანიიდან გვიყვება.39 წლის დოდო სესიაშვილი გერმანიაში, დრეზდენში სამ შვილთან ერთად გაურკვეველ მდგომარეობაშია. მათ გერმანიაში ცხოვრების ოფიციალური უფლება არ აქვთ. საემიგრაციო სამსახურმა 2 თვე მისცა. შესაძლოა, ნებისმიერ დროს, მათთან კომპეტენტური პირები მივიდნენ და დეპორტით სამშობლოში გამოისტუმრონ. ეს პერსპექტივა მისთვის და ბავშვებისთვის ძალიან დამთრგუნველია, რადგან

loading...

ამბობენ, რომ საქართველოში ისინი შურისძიების მსხვერპლი გახდებიან და შესაძლოა, სიცოცხლე რომელიმეს მკვლელობით დასრულდეს კიდეც… ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება მისთვის და მისი შვილებისთვის ფიზიკური გადარჩენის გარანტია…

დოდო სესიაშვილმა საქართველოში ცხოვრებისას ქმარს ძალადობის გამო უჩივლა. პოლიციამ მოძალადეს ორჯერ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, მესამე შემთხვევისას კი დააკავეს, მას თან ცივი იარაღი ჰქონდა, რომლითაც ცოლს მოკვლით ემუქრებოდა, ხოლო შვილზე თირკმლის დონორს ეძებდა…

“15 წლის ვიყავი, როცა მომავალმა ქმარმა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინების მიზნით მომიტაცა. ოჯახმა მასთან დამტოვა, რადგან იმ დროს, მიღებული ასე იყო. როცა პირველი შვილი, მარიამი შეგვეძინა მაშინ დაიწყო ჩემი გაუსაძლისი ყოფა – ქმარი ჩემზე ძალადობდა, მცემდა, თუ ადამიანის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიყენების რაიმე ფორმა არსებობს, ყველაფერს განვიცდიდი.

იმედი მქონდა, რომ ის რომელიმე დღეს გამოსწორდებოდა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. ერთად 14 წელი ვიცხოვრეთ. მარიამის შემდეგ, ორი ბიჭი შემეძინა. ქმარმა სმას და აზარტულ თამაშებს მიჰყო ხელი. ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე, როცა ფულს წააგებდა, სახლში ნასვამი ბრუნდებოდა და იწყებოდა ჩემი ფიზიკური წამება. მაიძულებდა ვალები ამეღო და მისთვის სათამაშო ფული მიმეცა, მე კი უმუშევარი ვიყავი იმ დროს… თუ ფულზე უარს ვეტყოდი, ბავშვს სახლიდან გარეთ ექაჩებოდა, თირკმელს ამოვაჭრი და მოგებაში ვიქნები, უფრო მეტი თანხა მექნებაო. რა თქმა უნდა, ძალიან მეშინოდა და ვემორჩილებოდი მის შანტაჟს. ბავშვებს კი მამის ძალიან ეშინოდათ.

როცა გავაცნობიერე, რომ მოძალადე ქმარი ბავშვებს საფრთხეს უქმნიდა, დახმარებისთვის სამართალდამცველებს მივმართე. ოჯახური ძალადობის გამო, მას ორჯერ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, მესამე შემთხვევაზე კი, ფაქტით – დანით დააკავეს. დამირეკა, შენს მოსაკლავად მოვდივარ, შვილების თვალწინ ყელი უნდა გამოგჭრაო. შემეშინდა, რადგან ის ამის გამკეთებელი ნამდვილად იყო და დღესაც არის.

პოლიცია დამეხმარა და გადამარჩინა, სასამართლომ კი მას 9 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სანამ ის ციხეში იყო, მე გერმანიაში ჩამოვედი, ეს 4 წლის წინ იყო. 2 წელი ბავშვების გარეშე ვიყავი. ისინი დედაჩემმა დაიტოვა. მერე ქმარს დავურეკე და ვუთხარი, შვილები 1 თვით მინდა ჩამოვიყვანო, თან ფულს გამოვატან-მეთქი. ამიტომ, გიორგიმ შვილების საზღვრის კვეთის ნება ნოტარიალურად მოგვცა და ისინი დედაჩემმა აქ ჩამომიყვანა, თავად კი უკან დაბრუნდა. ბავშვები უკვე 2 წელია, რაც გერმანიაში არიან.

გიორგიმ ჩვენზე ძალადობა სოციალური ქსელით გააგრძელა. როცა ვბლოკავდით, ახალ ანგარიშს ქმნიდა და ბავშვებს ათას საზიზღრობას წერდა. უმცროს შვილს, რომელიც ახლა 14 წლის გახდება, საშინელი შიშები აქვს. მასზე 1 წლით უფროსია ჩემი მეორე ბიჭი, ლუკა. კარზე კაკუნისაც კი ეშინიათ. ამბობენ, ვაითუ მოგვაკითხეს და საქართველოში გვიშვებენ, იქ ხომ იცი, მამა მაინც გვიპოვნის და დაგვხოცავსო. იმდენად ძლიერი შიშები აქვთ და ისე დაუზიანდათ ფსიქიკა, რომ უკვე 2 წელია მათთან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები მუშაობენ. ვერ ივიწყებენ მანიაკ მამას და მისგან გამოწვეულ საზარელ შიშს.

არც კი გვინდა ვიფიქროთ, რომ აქედან დეპორტით გამოგვიშვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გერმანიიდან პირდაპირ სასაფლაოზე გაგვისტუმრებენ. მას დასაკარგი აღარაფერი აქვს, ბინაც გაყიდა და თანხა წააგო, თავის ოჯახთან და ნათესავებთან კარგი ურთიერთობა არ აქვს, ამიტომ ძალიან მარტივად გაგვიმეტებს. სადმე ჩაგვისაფრდება, დაგვხოცავს და თავად ციხეში წავა, იქ გარანტირებული თავშესაფარი და უფასო კვება მაინც ექნება… ასეთ შიშში ვცხოვრობთ ჩვენ, გაურკვეველია ჩვენი მომავალი. საქართველოში ჩამოსვლის გვეშინია, თორემ აქ, გერმანიაში ძალიან კარგად ვართ სხვა მხრივ, არაფერი გვაკლია…
ყველა ძალადობის მსხვერპლს მინდა მივმართო, არავინ ღირს საკუთარი ჯანმრთელობის და შვილების ფსიქიკის ფასად. ნუ იქონიებთ ცრუ იმედებს, მოძალადე არ გამოსწორდება, ყველამ კარგად ვიცით, საქართველოში ჩვენნაირი ქალების ცხოვრება თვითმკვლელობამდე მიყვანით ან მკვლელობით მთავრდება – ამბობს ძალადობის მსხვერპლი, დოდო სესიაშვილი.
“პრაიმტაიმი” ძალადობის მსხვერპლი ქალის მონათხრობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დოდო სესიაშვილის ყოფილი ქმარი, გიორგი ვალიშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მართლაც იყო.
“აღნიშნული პიროვნება დაკავებული ოჯახური ძალადობის მუქარის გამო ნამდვილად იყო. მის მიმართ გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობდა. გ.ვ-ის დაკავება 2016 წელს მოხდა.” – აცხადებენ უწყებაში.
წყარო:geonewest.com

loading...

Share.