“მოვუწოდებთ ყველა უსამართლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეს, არ დაიზაროთ, გააპროტესტეთ და აუცილებლად გაასაჩივრეთ ყველა ასეთი ტიპის ჯარიმა.”

0

ზურაბ ჯაფარიძის მიერ შექმნილი პარტია – “გირჩი მეტი თავისუფლება” აცხადებს, რომ შსს მთელ რესურსს იყენებს ქუჩაში უპირბადეობის გამო მოქალაქეების დაჯარიმებისთვის.
“საქართველოს მთავრობა პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, რეალურად ჭრიდეს პრობლემებს და მავნებლური შეზღუდვებით შემოსავლის გარეშე, ვალებში არ ტოვებდეს ასობით ათას მოქალაქეს, შსს-ს მთელი რესურსი მიმართულია უპირბადო ადამიანების ქუჩაში გამოჭერაზე, რისი შედეგიც უამრავი დაჯარიმებული მოქალაქეა.

loading...

თუმცა, გარდა იმისა, რომ მთავრობის ამ შეზღუდვებს არანაირი მორალური საფუძველი არ გააჩნია, ქართული პოლიციის ქმედებები არსებული არაადამიანური კანონებითაც კი გაუმართლებელია”,– აცხადებს გირჩი და განმარტავს, რომ არსებულ კანონმდებლობაში ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის სანქცია არ არსებობს.

“მთავრობის 368-ე დადგენილების მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პირი უნდა დაჯარიმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლის მიხედვით კი, დაჯარიმებას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ დახურულ სივრცეში უპირბადოდ ყოფნა.

აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, აკრძალულია ღია სივრცეში უპირბადოდ გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ, დაღვევისთვის სანქცია არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის მიზეზით გამოწერილი თითოეული 20 ლარიანი ჯარიმა უკანონოა”,– წერია გირჩის განცხადებაში.

პარტია საქართველოს მთავრობასა და შსს-ს მოუწოდებს, “შეწყვიტონ უკანონო ქმედება და ისედაც გაჭირვებული ადამიანებისთვის დამატებითი უსამართლო ხარჯების დაკისრება”.

“მოვუწოდებთ ყველა უსამართლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეს, არ დაიზაროთ, გააპროტესტეთ და აუცილებლად გაასაჩივრეთ ყველა ასეთი ტიპის ჯარიმა. სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ძალადობის გატარება ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე უსამართლო კანონების მორჩილება.
პატივისცემით, გირჩი – მეტი თავისუფლება”,– ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

loading...

Share.