პრეზიდენტის ღია დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“ – სალომე ზურაბიშვილს მმართველ პარტიაზე მორიგი იერიში მიაქვს. „ოცნების“თავდასხმების მიუხედავად, პრეზიდენტი უკან არ იხევს და ივანიშვილის გუნდს უფრო მწვავედ აკრიტიკებს.
პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლოს გარშემო შექმნილი ვითარება სამარცხვინოა.
ჩემი დასკვნა სასამართლოზე და შეფასება ზოგადად, არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები. ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, ამ ქვეყანას სხვები დღეს, ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო, კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული სასამართლო სისტემა და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიაროთ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯებით. ჩვენ უკვე ჩვენით უნდა მივსულიყავით იმ დონეზე, რაც არის ევროპული დონე, – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე, „ოცნების“ ლიდერები ტყუილში ამხილა. მისი თქმით, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას არავინ თხოვს.
საუბარი, რომ არის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის, ეს არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან, არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა ძალიან დამაზიანებელი არის ჩვენთვის, ყველასთვის, – ამბობს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების კიდევ ერთ შეცდომას პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის დაბლოკვა წარმოადგენდა.
ვინც უნდა, ისე გაიგებს. მე ვაფასებ პოლიტიკას და ვაფასებ ფაქტებს. თქვენ გინდათ, რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ? ვინც მიიღებს ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში! ყველასთვის ძალიან გასაგებია. გუშინ იყო ლუქსემბურგის პარლამენტის წინაშე გამოსული. ასევე, მგონია, ეს ჩემი შეხედულებაა, რომ 26 მაისს, დღეს, რომელიც ევროინტერგრაციის ეგიდის ქვეშ იყო ჩატარებული, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული დროშა, ქართული დროშა, შეიძლება ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვას დროშა. არ აქვს მნიშვნელობა შემითავაზებია თუ არა მმართველი გუნდისთვის ეს. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით, უკრაინა არის მთავარი დღევანდელი მიზეზი რატომ არის ეს პროცესი დაჩქარებული, ალბათ ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ასევე, მმართელ პარტიას ხაზგასმით უთხრა, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს არ წარმოადგენს.
სალომე პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავის აზრს ამბობდეს სხვადასხვა საკითხზე და ყველა ამას უნდა შეეგუოს. მე პერსონალურად არ ვსაუბრობ არავისზე არასდროს. არ ვპასუხობ არცერთ კრიტიკას თუ შეურაცხყოფას, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და ეს მქონდა,- თქვა ზურაბიშვილმა.