“უკრაინა ყოველთვის დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დასვა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
“პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების დაუშვებლობას.
ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილს დედასა და ნათესავებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების განხილვა”, – ნათქვამია ოფისის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამაც.
ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა “კანონით განსაზღვრული ქმედებები”.
“სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. […]
ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.