“საკმაოდ ბევრ რამეზე რჩება შეზღუდვა არ იხსნება..” – ნახეთ რა შეზღუდვები არ მოიხსნება 1 თებერვალს

0

მთავრობა შეზღუდვების სრულად მოხსნაზე ისევ უარს ამბობს. ჯერჯერობით მხოლოდ სავაჭრო ობიექტების ამოქმედების შესახებ კეთდება განცხადება. მართალია, არ აკონკრეტებენ რა არ იხსნება, მაგრამ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის მთავრობის პოზიცია მეტ-ნაკლებად ცნობილია.
როგორც აღმოჩნდა, 1-ლი თებერვლიდან არ გაიხსნება ავიაცია, მუშაობას ვერ გააგრძელებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის სკოლები და ბაღები, შეზღუდვები ტრანსპორტსა და სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესშიც დარჩება.
განსაკუთრებით დიდია უკმაყოფილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. მართალია, გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია, მაგრამ

loading...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პოზიციიდან აშკარად იკითხება, რომ ცვლილება ამ მიმართულებით არ იგეგმება.

,,კონკრეტულად ამუშავდება თუ არა ტრანსპორტი და კიდევ რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი იქნება უფრო ეფექტური“, – განაცხადა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ოფიციალური განცხადება არც საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებით გაკეთებულა, თუმცა, როგორც “ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ ,,რეზონანსთან“ აღნიშნა, მისთვის ცნობილია მთავრობის დამოკიდებულება ავიასფეროსთან დაკავშირებით და ამიტომ დარწმუნებულია, რომ თებერვლიდან რეგულარული რეისები ვერ აღდგება.

,,საჰაერო მიმოსვლა კვლავ შეზღუდული დარჩება. ამასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებს ვესაუბრე და მათ დამიდასტურეს, რომ ფრენას ვერ დაუშვებენ, ითვალისწინებენ რა სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციას, ასევე საქართველოს მოცემულობასაც. სექტორი ამ ცვლილებისთვის მზად აშკარად არ არის. ქართული მხარე რომც იყოს მზად, საზღვრებს ბევრი ქვეყანა არ გახსნის.

ცხადია, ეს არის დიდი დანაკარგი დარგისთვის. რამდენედაც ვიცი, სექტორში ფინანსურად რთული მდგომარეობაა. ჩვენი გეგმებიც შეიცვალა. აქამდე ვამბობდით, რომ თებერვალ-მარტიდან დავიწყებდით ფრენას დაბალბიუჯეტური კომპანიის სტატუსით, მაგრამ არსებული მდგომარეობის გამო, ესეც, სავარაუდოდ, მაისამდე გადაიწევს.

ბაზარზე დიდი გაურკვევლობაა. ძალიან მძიმე სიტუაციაა ავიაციაში, დიდი დანაკარგები გვაქვს. ბევრი კომპანია, ალბათ, ვეღარც დაბრუნდება, რადგან გაზაფხულამდე ვერც გაატანს. მრავალი კომპანია გაკოტრდება, ბევრი კი შეერწყმება ერთმანეთს“, – განაცხადა გიორგი კოდუამ.

გაურკვევლობაა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესშიც. როგორც სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა აღნიშნა, ამ მხრივ მთავრობა ჯერჯერობით ვერანაირ დაპირებას ვერ იძლევა.

,,წარმოდგენაც არ მაქვს, რას აპირებენ. რამდენიმე დღეა, ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ მთავრობა ვერაფერს გვეუბნება და გვპირდება. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი, მარჩიელობას ხომ ვერ დავიწყებთ? ამიტომ გაჩუმებული ვართ და ველოდებით თვის ბოლოს, როცა ახალი განცხადება გაკეთდება.

მოლოდინი არ გვაქვს, რომ შეზღუდვები მოიხსნება, ყოველ შემთხვევაში, სანამ პირდაპი არ გვეტყვიან, არაფრის არ მჯერა, ბევრჯერ გვქონდა მოლოდინი, რომ გარკვეულ დათმობაზე წამოვიდოდნენ, შეზღუდვა შემსუბუქდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა“, – განუცხადა,,რეზონანსს“ ალავერდაშვილმა.

ცხადია, მოლოდინის რეჟიმში რჩებიან რესტორატორებიც. რესტორან „თაშრეს“ გენერალურმა დირექტორმა მაკა ცაბუტაშვილმა ჯერ არ იცის თებერვლიდან გახსნის უფლებას მიიღებენ თუ – არა.

„სანამ ოფიციალურად არ გამოცხადდება, არ ვიცით აღადგენენ თუ არა საქმიანობას რესტორნები. ჯერჯერობით, უცნობია რა ტიპის შეზღუდვების მოხსნაზე იქნება საუბარი“, – აღნიშნა „თაშრეს“ ხელმძღვანელმა.

ბოლო მომენტამდე გაურკვევლობაა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. კიდევ უფრო ბუნდოვანია აღდგება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა. როგორც ზუგდიდის ავტოსადგურის აქციონერს კახა უბილავას წარმოდგენა არ აქვს როდიდან შეძლებენ მიმოსვლის აღდგენას.

,,მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით. არ შეიძლება შეზღუდვა მუდმივად გაგრძელდეს. უამრავი საჭიროება აქვს ადამიანს და ზოგ შემთხვევაში გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც შეიძლება იყოს. კერძო ავტომობილი ბევრს არ ჰყავს და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა დამოკიდებული. მუდმივად შინ ხომ არ გამოიკეტებიან ვირუსის შიშით.

გარდა ამისა, ბევრი ადამიანია დარგში დასაქმებული, ვისთვისაც ეს ერთადერთი შემოსავალია. იმედია, ამ მდგომარეობას გაითვალისწინებენ და მუშაობის საშუალება მოგვეცემა. წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ უნდა გაძლოს ხალხმა, თუკი დაწესებული შეზღუდვა თებერვლიდან არ მოიხსნება“, – აღნიშნა “რეზონანსთან” უბილავამ.

შეგახსენებთ, რომ დროებითი შეზღუდვის მოხსნით, რომელიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოქმედებდა, მხოლოდ სავაჭრო ცენტრებმა ისარგებლეს. ბაზრობები კი არ გახსნილა. არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ვერც იანვარში განაახლებენ მუშაობას. ისინი 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ მუშაობას, თუმცა ცენტრებსა და ბაზრობებს ტესტირება საკუთარი ხარჯით მოუწევთ, რაც დიდი ტვირთია ბიზნესისთვის. ისინი კი, რომლებიც ვერც 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას, რამდენიმე თვის შემდეგ ნებართვის შემთხვევაშიც, ვეღარ შეძლებენ საქმიანობა, რადგან დანაკარგის გადაფარვის შესაძლებლობა ბევრ ბიზნესს არ ექნება. წყარო:sauketeso.club

loading...

Share.