მოპოვებულია, საიდუმლო სამსახურის საიდუმლო აგენტების ლაპარაკი. “ტვ პირველის” გამომძიებელთა გუნდი ასაჯაროებს, სატელეფონო საუბრებს, რომლითაც დასტურდება, რომ ხუთ ივლისის სისხლიანი დღის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იდგნენ.
“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ შემსრულებლებმა ფული – დამკვეთებმა კი სასურველი შედეგი მიიღეს.
მაკა ჩიხლაძის ხმაურიანი რეპორტაჟიდან დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი, ვინც უმძიმეს დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამრევების მიყვანის ბრძანებას გასცემდა, მიხეილ ტურაბელიძეა. ეს უკანასკნელი ადამიანების უკანონო მოსმენების და პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალის შესახებ ბრძანებების ავტორიცაა.
ირკვევა ისიც, რომ შესრულებული სამუშაოს გამო, ტურაბელიძემ ჯილდოც მიიღო – მისი ცოლის სახელზე 2021 წლის ოქტომბერში ბაკურიანში სასტუმროს აპარტამენტები გაფორმდა.
“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ აუდიოფაილში მიხეილ ტურაბელიძე საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს სთხოვს უთხრან, ვინ რამდენი ამრევი მიიყვანა ადგილზე ვითარების დასაძაბად.
სუსის შიდა მოხმარების “ჩატის” გაშიფვრის შემდეგ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძალადობრივ აქციაზე მიყვანილ საკუთარ ხალხს ბოლომდე პატრონობდა, ცდილობდა ეხსნა ციხიდანაც.
ასეთია მურად დევლარიშვილი, ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოულოდნელად გამდიდრდა. კაცი ძალადობას არ ნანობს, დედაქალაქში, სოფელ ენისელიდან ჩასასვლელად, ახლაც ყოველ წუთს მზადაა.