შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრალდებებზე ერთიანი განცხადება გაავრცელეს.
შოიგუს განცხადებით, უკრაინა თავის ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„დღეს ადრე, თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს მისი თხოვნით. ჩვენმა ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ ყველანი უარვყოფთ რუსეთის გამჭვირვალე ცრუ განცხადებებს, რომ უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად მის ტერიტორიაზე. მსოფლიო დაინახავს ამ ბრალდების ესკალაციის საბაბად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. თითოეულ მათგანთან შოიგუმ უკრაინაში არსებული “სიტუაცია” განიხილა.
რუსეთის თავდავცის სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუმ გამოხატა “შეშფოთება უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების გამო”.