აგრესორი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საზღვრების აღდგენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მთლიანად უნდა იყოს ოკუპირებული, რადგან ის „ადრე არ არსებობდა“.
ამის შესახებ მედვედევი Vkontakte-ზე დაწერა, თუმცა მალევე წაშალა თავისი მოსაზრება. პოსტის სქრინშოთი კი ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.
„კიევის და პატარა რუსეთის მთელი ტერიტორიის განთავისუფლების შემდეგ მათ მიერ გამოგონილი უკრაინიზმის ქადაგების ნაციონალისტების ბანდებისაგან, რუსეთი კვლავ გაერთიანდება. ამის შემდეგ, მოსკოვის ერთი ხელით, სლავური ხალხის მეთაურობით, ჩვენ გავალთ მომდევნო კამპანიაზე ჩვენი სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომელიც, მოგეხსენებათ, არსად არ მთავრდება’’- თქვა მედვედევმა.
მედვედევმა განაცხადა, რომ 1801 წლამდე „ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო არ არსებობდა“, და ის თითქოს მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში ჩნდებოდა, ამიტომ „ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ როგორც რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს ნაწილი“.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ყაზახეთიც გაიხსენა, მას “ხელოვნური სახელმწიფო” უწოდა და რუსები გენოციდში დაადანაშაულა.